Thursday, December 20, 2012


გენდერულ კვლევებზე, კერძოდ კი, გენდერული იდენტიფიკაციისა და გენდერული სხვაობების გაგებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა ზ.ფროიდის (Freud) ფსიქოანალიზურმა თეორიამ. ფროიდი იყო პირველი ფსიქოლოგი, რომელმაც პიროვნების თეორიის ცენტრში მოაქცია ბიოლოგიური სქესი და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელოვან როლს განვითარების პროცესში.
მართალია, ფროიდი გენდერის მკვლევართა რიცხვს არ მიეკუთვნება და თვით გენდერის მეცნიერული ტერმინიც არ არსებობდა ამ დროისათვის, მაგრამ მან პირველმა ახსნა პიროვნების სქესობრივი იდენტიფიკაციისა და სქესობრივი სხვაობების ჩამოყალიბების პროცესი. ამდენად, ფროიდმა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა გენდერის ფენომენის მეცნიერთა ყურადღების ცენტრში მოქცევა. მისმა შეხედულებებმა საფუძველი ჩაუყარა გენდერის მეცნიერული კვლევის ობიექტად ჩამოყალიბებას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნია სქესობრივი იდენტიფიკაციის მექანიზმის ფროიდისეული გაგების განხილვა.
ზ.ფროიდის მიდგომა სქესობრივი იდენტიფიკაციისადმი ეფუძნება ბავშვის ფსიქოსექსუალური განვითარების მის მიერ გამოყოფილ სტადიებს. კერძოდ, ფროიდის თეორიის მიხედვით სქესობრივი იდენტიფიკაციისა და სქესობრივი სხვაობების ფორმირების მექანიზმი ბავშვის ფსიქოსექსუალური განვითარების პროცესშია ჩადებული. სქესობრივი იდენტურობის განვითარება მიმდინარეობს სტადიების სერიების მიხედვით. ყოველი ეტაპი ხასიათდება ლიბიდური (სექსუალური) ენერგიის კონცენტრაციით სხეულის გარკვეულ ნაწილში. ფსიქოსექსუალური განვითარების I ეტაპზე - ორალურ სტადიაზე ბავშვი აღწევს პრიმიტიულ სექსუალურ დაკმაყოფილებას წოვის საშუალებით. II ეტაპზე - ანალურ სტადიაზე სიამოვნება მიიღწევა დეფეკაციით და ბავშვი კონცენტრირებულია განავლის შეკავებასა და გამოყოფაზე. ფროიდის მიხედვით, ბიჭებისა და გოგონების ფსიქოსექსუალური განვითარება ერთნაირად მიმდინარეობს ამ ორი საწყისი სტადიის განმავლობაში.
ფალოსურ სტადიაზე, რომელიც დაახლოებით სამიდან ექვს წლამდე მიმდინარეობს, ბავშვის ლიბიდური ენერგია ფოკუსირდება გენიტალიებზე. სწორედ ამ ეტაპზე ხდება სქესი და გენდერი გადამწყვეტი ბავშვის განვითარებისთვის. იგი აცნობიერებს, რომ ქალებსა და მამაკაცებს განსხვავებული სასქესო ორგანოები აქვთ.
ამ სტადიამდე სიყვარულისა და ეროტიკული მიმზიდველობის პირველი ობიექტი როგორც გოგონებისათვის, ასევე ბიჭებისათვის, დედაა. თუმცა, როდესაც ბავშვები მიაღწევენ ფალოსურ სტადიას, მათი ურთიერთობები დედასთან რთულდება. ბიჭებში დედის მიმართ სიყვარული ინცესტად იქცევა და ვითარდება ოიდიპოს კომპლექსი. პატარა ბიჭების სურვილი „ფლობდნენ“ დედას და მასთან ურთიერთობაში „ჩაანაცვლონ“ მამა, იწვევს კასტრაციის შიშს. სწორედ ამ შიშით გამოწვეული სტრესი და შფოთვა ბიჭის შემდგომი განვითარების მამოძრავებელი ძლიერი ძალაა. ბიჭები თავს ართმევენ კასტრაციის შიშს დედის მიმართ სექსუალური ლტოლვისა და მამასთან მტრული დამოკიდებულების განდევნით (არაცნობიერში). ეს ხორციელდება მამასთან იდენტიფიკაციის გზით. ბიჭები ცდილობენ მოაწონონ მამას თავი და გაიზიარონ მისი ღირებულებები. მამასთან იდენტიფიკაცია ბიჭებს საშუალებას აძლევს „ფლობდეს“ დედას, თუმცა არა რეალურად, არამედ - გაშუალებულად (ჩანაცვლებულად). მამასთან იდენტიფიკაციის გზით დაიძლევა ოიდიპოს კომპლექსი და ვითარდება სუპერეგო -მორალური ნორმების სისტემა.
გოგონების განვითარება სხვაგვარად მიმდინარეობს. ფალოსურ სტადიაზე გოგონების მიერ გაკეთებული აღმოჩენა, რომ მათ აკლიათ პენისი, ფროიდის მიხედვით, გოგონათა განვითარებისთვის გადამწყვეტი მომენტია. გოგონას უვითარდება ე.წ. „პენისის შური“. ეს უკანასკნელი გოგონების თვითშეფასებას დიდ დარტყმას აყენებს და მათ არასრულფასოვნების კომპლექსს უყალიბებს. თუმცა დედა არის გოგონების სიყვარულის თავდაპირველი ობიექტი, მაგრამ ისინი სწორედ დედას ადანაშაულებენ პენისის არქონაში და უარს ამბობენ დედის სიყვარულზე. თავიანთ სიყვარულს ისინი მამებისკენ მიმართავენ, რომელთაც აქვთ ის ორგანო, რომელიც მათ და მათ „დეფექტურ“ დედებს არასოდეს ექნებათ. გოგონების „პენისის ფლობის“ სურვილი მამისკენ სიყვარულის წარმართვით არ არის სრულად დაკმაყოფილებული. იგი გარდაიქმნება მამისგან ბავშვის ყოლის სურვილად და მოგვიანებით, ბავშვის ყოლის სურვილად საკუთარი მეუღლისგან. ფროიდის მიხედვით, ქალი სრულიად რეალიზირდება ვაჟიშვილის გაჩენის შემთხვევაში, რადგან იგი ასეთნაირად, ბოლოს და ბოლოს, აღწევს დიდი ხნის სასურველი „პენისის ფლობას“. ამგვარად, პატარა გოგო, რომელიც „პატარა კაცი“ იყო ფსიქოსექსუალური განვითარების პრეოიდიპალურ სტადიაზე, ფალოსური სტადიის გავლის შედეგად ხდება პასიური, მგრძნობიარე და განაყოფიერების მომლოდინე ქალი.
ფროიდის აზრით, განსხვავებით ბიჭებისგან, გოგონები ჩვეულებრივ, წარუმატებლობას განიცდიან სრულად გადაწყვიტონ ოიდიპოს კომპლექსი (ამ სიტუაციას, გოგონების შემთხვევაში შეიძლება ელექტრას კომპლექსი ეწოდოს). გოგონებს აქვთ კრიზისი მათ მიერ პენისის არ ფლობის გამო და მათი ინცესტური მოთხოვნილება მამის მიმართ არის პენისის მოპოვების მცდელობა. ბიჭებისგან განსხვავებით, რომლებიც კასტრაციის შფოთვით არიან მოტივირებულნი გადაჭრან იოდიპოს კომპლექსი, გოგონები თავიანთ თავს უკვე კასტრირებულად განიხილავენ და ამდენად, ნაკლებ შფოთვას განიცდიან. ამიტომ ქალებს ჩვეულებრივ აქვთ ნაკლებად განვითარებული მორალურობის გრძნობათა სისტემა ანუ სუპერეგო.
ზ.ფროიდის მიხედვით, გოგონებში იოდიპოს კომპლექსის ნაწილობრივი ან არასრული დაძლევა ხდება. ეს კი იწვევს ტიპურ ქალურ თვისებების ჩამოყალიბებას, ისეთებს, როგორიცაა, პასიურობა და დედობის სურვილი. ფროიდი აღნიშნავდა, რომ განაყოფიერების სურვილი ასევე მიუთითებს მაზოხიზმზე და სიამოვნებაზე ტკივილისა და ტანჯვისაგან, რადგანაც სექსუალური ურთიერთობები და შვილების გაჩენა შეიძლება ტკივილთან იყოს დაკავშირებული. ამგვარად, ფროიდის მიხედვით, „პენისის შური“ და მისი „ფლობის“ სურვილი ნორმალური ქალურობის ჩამოყალიბების მამოძრავებელი ძალაა. ბიჭისათვის ნორმალური მამაკაცურობის ჩამოყალიბების მამოძრავებელი ძალა კი კასტრაციის შიშია. რაც შეეხება სქესის იდენტიფიკაციის მექანიზმს, იგი, ფროიდის მიხედვით, ოიდიპოს კომპლექსის დაძლევასა და იგივე სქესის მშობელთან იდენტიფიკაციაში მდგომარეობს.
ზ.ფროიდის თეორიამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინა არა მხოლოდ გენდერის, არამედ, საერთოდ ადამიანის შესახებ მეცნიერული აზრის განვითარებაზე. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი თეორია მკაცრი კრიტიკის საგანი გახდა. ყველაზე სერიოზული კრიტიკა ანთროპოლოგების მხრიდან მოდიოდა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეს თეორია დასავლური კულტურის ჩარჩოებით არის შეზღუდული. კერძოდ, მალინოვსკი მიუთითებდა, რომ ოიდიპოს კომპლექსი არ არის უნივერსალური ფენომენი, როგორც ამას ფროიდი ვარაუდობდა. მალინოვსკი აღნიშნავდა, რომ ოჯახის საბაზო სტრუქტურა (მამა, დედა და შვილი), რომელზეც აგებულია ოიდიპოს კომპლექსი, არ არის დამახასიათებელი ბევრი კულტურისთვის. მაგალითად, ტრობრიანის კუნძულებზე (პაპუა - ახალი გვინეა) ოჯახის უფროსი არა მამა, არამედ - ბიძაა დედის მხრიდან. ამასთან მკაცრი ტაბუ ინცესტზე დადებულია არა ბავშვებისა და მშობლების ურთიერთობებზე, არამედ ძმებსა და დებს შორის ურთიერთობებზე. მალინოვსკი აღნიშნავდა, რომ ასეთ პირობებში ოიდიპოს კომპლექსს სრულიად სხვაგავარი სახე უნდა მისცემოდა.
მართლაც, ტრობრიანის კუნძულების მითების შესწავლისას მალინოვსკიმ აღმოაჩინა, რომ მათ საფუძველს წარმოადგენს დებსა და ძმებს შორის ურთიერთობების მკაცრი ტაბუ. თუმცა მალინოვსკი აკრიტიკებდა ფროიდს ოიდიპოს კომპლექსთან დაკავშირებით, მაგრამ იგი სრულიად იზიარებდა მისი თეორიის ძირითად პრინციპებს. მალინოვსკი იზიარებდა ფროიდის შეხედულებას იმის შესახებაც, რომ განდევნილი სურვილები პროექციებში (მითებში, ფოლკლორში და ა.შ.) ვლინდება, იმ განსხვავებით, რომ ეს პროექციები უნივერსალური კი არ არის, არამედ განსხვავდება კულტურათა მიხედვით.
ფროიდის იდეებმა ნორმალური ფემინური და მასკულინური პიროვნების შესახებ მეტად ფართე გავრცელება პოვა როგორც მის სტუდენტებში, ასევე ფსიქოლოგებსა და სოციალური მეცნიერებების წარმომადგენლებში. მისი მიდგომა გენდერული იდენტიფიკაციისა და გენდერული ტიპირების შესახებ მრავალი ინტერპრეტაციის დასაყრდენი გახდა.
ზ.ფროიდის თეორიის მიმდევარის ჰელენ დაჩის აზრით, გოგონას განვითარების მამოძრავებელ ძალას „პენისის შურის“ უნივერსალური კატეგორია კი არ წარმოადგენს, არამედ ყველა ადამიანისთვის დამახასიათებელი შური იმისა, რაც სხვას აქვს.
ერიკ ერიქსონმა განავრცო ფროიდის განვითარების თეორია. ერიქსონის დამსახურებაა ბავშვის განვითარებაში და იდენტიფიკაციაში ბიოლოგიურ იმპულსებთან ერთად სოციალური ფაქტორების ზეგავლენის მნიშვნელობის ხაზგასმა. ამასთან, ერიქსონის მიხედვით, ქალის გენდერული იდენტიფიკაციის საფუძველს პენისის უქონლობა კი არ წარმოადგენს, არამედ - საშვილოსნოს ქონა. ერიქსონმა ხაზი გაუსვა შინაგანი სივრცის ცნებას. იგი აკვირდებოდა 10-12 წლის ბავშვების თამაშს და დაადგინა, რომ შინაგანი სივრცე გავლენას ახდენს სქესის იდენტიფიკაციაზე. ბავშვებს ეძლეოდათ ადამიანებისა და ცხოველების მინიატურული ფიგურები. მათ სთხოვდნენ, რომ აეგოთ კინოს (ფილმის) სცენა. გოგოს ტიპური სცენა შედგებოდა ინტერიერის სცენისაგან ადამიანებით და ავეჯით. ბიჭის ტიპური სცენა იყო სახლს გარეთ, მორთული კედლებით, ფასადებით და ბოძებით. გოგონების სცენები მშვიდი და სტატიკური იყო, ხოლო ბიჭებისა - აქტიურობისკენ ორიენტირებული. ერიქსონმა პარალელი გაავლო გენდერულ კონსტრუქტიულ თამაშებს შორის განსხვავებებსა და სქესთაბიოლოგიურ განსხვავებებს შორის (ქალის შინაგანი ფაქიზი ორგანოები და კაცის გარეგანი, აქტიური ორგანოები). სწორედ ეს განსხვავებული ორგანოები განსაზღვრავენ, ერიქსონის მიხედვით, ბავშვების განსხვავებულ შინაგან სივრცეს, რომლიც მათი სქესობრივი იდენტიფიკაციის საფუძველია.
ალფრედ ადლერი თვლიდა, რომ ადამიანი უპირველასად სოციალური და არა სექსუალური არსებაა. და ამდენად, მისი ქცევა მოტივირებულია არა ბიოლოგიური ინსტიქტებით, არამედ - სოციალური ინტერესებით. მისი აზრით, მასკულინური დომინანტობა არ არის ბუნებრივი მოვლენა. იგი გამოწვეულია კაცებისა და ბიჭების უფრო მეტი სოციალური ღირებულებით ოჯახსა და საზოგადოებაში.
კარენ ჰორნი თვლიდა, რომ ფროიდის მონაცემები ქალის განვითარების შესახებ ასახავს პატარა ბიჭის აზრებს ქალის ანატომიის შესახებ. თუმცა პატარა ბიჭი შეიძლება უყურებდეს პატარა გოგოს და ფიქრობდეს, რომ მან დაკარგა პენისი, მაგრამ არანაირი საფუძველი არა გვაქვს ვიფიქროთ, რომ გოგოც ასე ფიქრობს. ჰორნი არ ეთანხმებოდა ფროიდს, რომ „პენისის შური“ და კასტრაციის კომპლექსი ქალის განვითარების მნიშვნელოვანი მექანიზმია. იგი აღნიშნავდა, რომ იცნობდა ზუსტად იმდენივე კაცს, რომლებსაც ქალის საშვილოსნოსი შურდათ, რამდენსაც ქალს, რომლებსაც კაცის პენისის შურდათ. იგი თვლიდა, რომ ზოგიერთი კაცის აკვიატებული სწრაფვა მიღწევისაკენ გამოხატავს ქალების უნიკალური შესაძლებლობების (რეპროდუქციული უნარის) ზეკომპენსაციას. სხვაგავარად რომ ვთქვათ, ჰორნის აზრით, საშვილოსნოს შურს მივყევართ ფემინურ კომპლექსამდე.
ჰორნის აზრით, არ არსებობს ქალებსა და მამაკაცებს შორის ბიოლოგიურად დეტერმინიტებული ფსიქოლოგიური სხვაობები. ისინი განპირობებულია გენდერულ იდენტიფიკაციაზე კულტურული ფაქტორების და ქალის სუსტი ბუნების შესახებ იდეოლოგიების დიდი ზეგავლენის გამო.
ბიოლოგიური და კულტურული ფაქტორების გენდერულ იდენტიფიკაციაზე გავლენის შესწავლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მ. მიდის კვლევები. ახლი გვინეის 3 განხსვავებული ტომის შესწავლის შედეგად, მან დაადგინა, რომ ქალისა და მამაკაცის სტერეოტიპული თვისებები ყოველთვის არ არის ბიოლოგიური სქესით განპირობებული. სერიოზული კრიტიკის საგანი გახდა, აგრეთვე ქალისა და ქალურობის ფენომენის ფროიდისეული გაგება. ფემინისტური მოძრაობის მიმდევრები ამტკიცებდნენ, რომ ფროიდის დამოკიდებულება ქალებისადმი ვიქტორიანული ეპოქის შეხედულებების ასახვაა. კლარა ტომპსონის აზრით, ფროიდის შეხედულებების შეზღუდულობა ყველაზე კარგად ჩანს „პენისის შურის“ მის კონცეფციაში. კლარა ტომპსონი აღიარებს, რომ გოგონებს შურთ ბიჭების, მაგრამ მისი აზრით, ეს შური ქალების ბიოლოგიური არასრულფასოვნებით კი არ არის გამოწვეული (როგორც ეს ფროიდს აქვს გაგებული), არამედ იმ პრივილეგიებით, რომლებითაც განსხვავებით გოგონებისა და ქალებისაგან, სარგებლობენ საზოგადოებაში ბიჭები და მამაკაცები.
ფროიდის თეორიას აკრიტიკებენ ემპირიული მონაცემების სიმწირის გამოც. კერძოდ, სხვა მკვლევართა მრავალრიცხოვანი ემპირიული მონაცემები გვიჩვენებს, რომ ზნეობრივი გრძნობები ბავშვებს არ უყალიბდებათ სხეულებრივი დაზიანებების მიღების შიშის გამო (იქნება ეს კასტრაციის შიში თუ სხვა ტიპის ფიზიკური დასჯა). მორალური გრძნობები ბავშვს უვითარდება მაშინ, როცა იგი სიყვარულით არის გარშემორტყმული და ცდილობს შეინარჩუნოს ეს სიყვარული. ეს მონაცემები ეხება როგორც ბიჭებს, ასევე გოგონებს.
ფსიქოანალიზის ფემინისტური მიმართულების ზოგიერთი წარმომადგენელი თვლის, რომ ფროიდის თეორია ზედმეტად ინდივიდუალისტურია და მოწყვეტილია სოციალურ გარემოს. ნენსი ჩოდოროუ და ჯესიკა ბენჟამინი აღნიშნავდნენ, რომ შეუძლებელია შევისწავლოთ ადამიანი იზოლირებულად და მხოლოდ მისი ლტოლვები და ეგოფუნქციები გავითვალისწინოთ. მათი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ გენდერული იდენტიფიკაციისა და გენდერული თვისებების ჩამოყალიბების მოდელის აგებისას გათვალისწინებული უნდა იყოს სხვა ადამიანებთან ურთიერთობებიც.
ფროიდის თეორია გაკრიტიკებული იყო იმის გამოც, რომ მისი დებულებები ეხება ბავშვის განვითარებას, მისი დამამტკიცებელი ემპირიული საბუთები კი ზრდასრული ადამიანების კვლევის შედეგადაა მოპოვებული.
ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით, ფროიდის თეორიას არანაირი ღირებულება არა აქვს, რადგან იგი ძალიან ბუნდოვანი და არაერთმნიშვნელოვანია. კერძოდ, კრიტიკა ეხება ამ თეორიის საფუძველზე ბავშვის განვითარების პროგნოზირების შესაძლებლობებს. ამ ავტორების აზრით, ხშირ შემთხვევებში მას მივყევართ ერთი და იგივე მოვლენის ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერპრეტაციებამდე. მაგალითად, ფრუსტრაციამ ანალურ სტადიაზე შეიძლება გამოიწვიოს ხასიათის ისეთი თვისებების განვითარება, როგორიცაა, აკურატულობა, სისუფთავე და დამჯერობა ან პირიქით - ამბოხისა და არეულობისაკენ მიდრეკილება.
ამგვარად, დასკვნისათვის შეიძლება ითქვას, რომ ზ.ფროიდის თეორიის ფარგლებში გენდერული იდენტიფიკაციის გაგების კრიტიკა ეფუძნება შემდეგ არგუმენტებს: ემპირიული მასალის სიმწირე; პიროვნების ბიოლოგიური ფსქტორებით დეტერმინირებულობა; ქალის მორალურობისა და თვისებების ჩამოყალიბების მოდელის სისუსტე; პიროვნების სოციალურ გარემოსგან მოწყვეტილი გაგება; კულტურული ღირებულებებისა და მათ შორის ოჯახისა და ურთიერთობების კულტურული პრაქტიკების გაუთვალისწინებლობა.
მიუხედავად მრავალრიცხოვანი და სერიოზული კრიტიკისა, ფროიდის თეორიამ უდიდესი გავლენა მოახდინა გენდერის გაგებაზე და მისი, როგორც მეცნიერული კონცეფციის განვითარებაზე. როგორც ზემოთ დავრწმუნდით, ფროიდის ბევრი კრიტიკოსის შეხედულება სწორედ მისი თეორიიდან იღებს სათავეს: მათი უმეტესობა იზიარებს სქესის იდენტიფიკაციის ფროიდისეული გაგების ძირითად პრინციპებს. თუმცა კი, ფროიდის კრიტიკოსები ავსებენ და ანვითარებენ მის მოდელს, სქესის იდენტიფიკაციის მექანიზმში დამატებითი, კულტურული ფაქტორების შემოტანის გზით. ამდენად, ფროიდის თეორია უნდა განვიხილოთ, როგორც გენდერის ფსიქოლოგიის განვითარების ერთ-ერთი სტიმული, მამოძრავებელი ძალა და გენდერის თანამედროვე გაგების მეცნიერული წინაპირობა.

No comments:

Post a Comment